ვანშტაინის საქმემ და #MeToo მოძრაობამ, ქალთა მიმართ სექსუალური
ძალადობის საკითხი, წინა პლანზე მთელი სიმწვავით წამოწია. მიუხედავად იმისა, რომ
ფემინისტებს არასდროს შეუწყვეტიათ ბრძოლა ქალთა მიმართ სექსუალური
ძალადობის წინააღმდეგ, ამ მოძრაობის მთავარი მიღწევა ის არის, რომ მან შეძლო
მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცია სექსუალურ
ურთიერთობებში თანხმობის უგულებელყოფის საკითხი, როგორც ქალთა მიმართ
სექსუალური ძალადობის დაფარული ფორმა.
თანხმობა სექსუალური აქტსა თუ აქტივობაში მონაწილეობის დროს, გადამწყვეტი და
აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი სექსუალური ხასიათის ქცევა
თუ ქმედება, რომელიც არ ითვალისწინებს და არ ეფუძნება პარტნიორის თანხმობას,
გაუპატიურება ან სექსუალური ძალადობაა.
სტატია მომზადებულია ფემინისტური საინიციატივო ჯგუფის მიერ რვა მარტის
კამპანიის ფარგლებში: „არა ნიშნავს არას“. პუბლიკაცია შედარებით ვრცლად
მიმოიხილავს სექსუალურ აქტივობაში მონაწილეობის დროს თანხმობის
სამართლებრივ და არასამართლებრივ ასპექტებს. ის სამ ძირითად საკითხს მოიცავს:
პატრიარქალური და მასკულინური დომინაციის გავლენა ინფორმირებული თანხმობის
გაგებასა და საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევაზე საქართველოს კანონმდებლობის
კონტექსტში, გასართობი სივრცეები: საფრთხეები, რისკები და მართვის მექანიზმები,
სტამბოლის კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე
მუხლის ჰარმონიზაციის აუცილებლობა. ამ დროისთვის, საქართველოს
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანხმობას, შესაბამისად, ის წინააღმდეგობაში
მოდის სტამბოლის კონვენციასთან, რომელსაც საქართველომ ხელი 2017 წელს
მოაწერა.
პატრიარქატი და თანხმობა
ბაისონაშვილი ნინო
ფემინისტი-აქტივისტი, გენდერის და ლიტერატურის მკვლევარი
სექსუალურ ურთიერთობებში თანხმობის ფემინისტური ანალიზი იძლევა საშუალებას,
საკითხი დავინახოთ პატრიარქალური დომინაციის ჭრილსა და კონტექსტში, მათ
შორის, ქორწინებით დაკავშირებული ადამიანების ურთიერთობებშიც. ცხადია,
საიდუმლო არავისთვისაა, რომ ყველა საზოგადოება იერარქიულად არის
ორგანიზებული: ერთი ჯგუფი დომინირებს მეორეზე, კაცები ქალებზე, კაპიტალისტები
დასაქმებულებზე და ასე შემდეგ, თუმცა, მუდმივი დებატების საგანია, თუ საიდან
მოდის ეს დომინაცია. დომინანტის მიერ, ძალადობის ფაქტების შესწავლისას, ეს
ყველაზე კარგად ჩანს. იგი ცხადად ვლინდება მათ ქმედებებსა და სიტყვებში.
ყოველგვარი დომინაციის განხორციელების პროცესში, ორ ძირითად
ურთერთგანუყოფელ ელემენტს ვხვდებით: ძალადობა და თანხმობის უარყოფა.
შესაბამისად, ფიზიკური ძალადობა არ არის ის ერთადერთი გზა, რომელსაც დომინანტი
იყენებს ჩაგვრის და დომინაციით მოპოვებული ძალაუფლების დომინირებულზე
განხორციელების დროს. თანხმობის უარყოფა მისთვის ჩაგვრის არანაკლებ ძლიერი
იარაღია, რადგან დომინირებულს არ აღიქვამს თანასწორად, აქცევს რა სუბალტერნად
და მთლიანად უგულებელყოფს მის მოსაზრებებს, რეალურ სურვილებსა და განცდებს.
ძალაუფლების შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო გასამყარებლად, დომინანტს არ
სჭირდება მუდმივად ძალადობას მიმართოს. საზოგადოებაში მის მიერ ბუნებრივად
მოპოვებული ადგილი მას უკვე აძლევს პრივილეგიას, ჩაიდინოს ისეთი ქმედებები,
რომლისთვისაც ის არ გაიკიცხება. მაგალითისთვის: კაცებს არ განსჯიან იმ
ქმედებებისთვის, რისთვისაც ქალებს. Მათ ყოველთვის არ სჭირდებათ სასურველის
მისაღებად ფიზიკურ ძალადობას ან მუქარას მიმართონ. საზოგადოებაში არსებული
რწმენა-წარმოდგენები ამის საშუალებას ისედაც იძლევა. მანიპულაცია და
ფსიქოლოგიური წნეხი, ასეთ დროს, ყველაზე გავრცელებული ხერხები ხდება. ამიტომ,
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მანიპულაციით და ძლიერი წნეხის შედეგად
დაძლეული „არა“ და ამგვარად მიღებული თანხმობა, არ არის თანხმობა.
ზოგადად, თანხმობის ცნება იმაზე კომპლექსური, ღრმა და მნიშვნელოვანია,
ვიდრე ხშირად წარმოგვიდგენია. ლეგიტიმური მხოლოდ ის თანხმობაა, რომელიც
ნამდვილი, თავისუფალი და ინფორმირებულია. ყველა თანხმობა ასეთი ნამდვილად
არ არის. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ვასხვავებდეთ თანხმობის სამართლებრივ
და არასამართლებრივ, ლეგიტიმურ და არალეგიტიმურ ასპექტებს. მაგალითებისთვის:
შეიძლება ნამდვილად, აბსოლუტურად გაცნობიერებულად თანახმა ვიყოთ,
მონაწილეობა მივიღოთ სექსუალურ აქტივობაში ან აქტში, თუმცა შეიძლება ეს
გავაკეთოთ მაშინაც, როცა ეს არ გვინდა პარტნიორის განაწყენების თავიდან
ასაცილებლად. ის ხომ დაჟინებით მოითხოვს ამას. შეიძლება თანახმა ვიყოთ, რადგან
ეს ჩვენი სამუშაოა, ფული გვჭირდება, ამაში კი გვიხდიან, თუმცა კანონმდებლობით ეს
აკრძალულია. შეიძლება დავთანხმდეთ იმიტომაც, რომ სამუშაო შევინარჩუნოთ ან
მივიღოთ ის. შეიძლება თანხმობა განვაცხადოთ მაშინაც, როცა თავს მარტო ვგრძნობთ,
ფიზიკური კონტაქტი გვჭირდება, უბრალოდ, რატომაც არა?! შეიძლება დავთანხმდეთ
იმიტომაც, რომ პარტნიორი მოწყენილი ჩანს, ან ძალიან უნდა ჩვენთან სექსი, ჩვენ კი
გულის სიღრმეში უბრალოდ უარის თქმა გვერიდება, რადგან გარკვეულ სიტუაციაში ეს
უხერხულიც კი მოგვეჩვენოს. შეიძლება თანხმობა განვაცხადოთ ალკოჰოლის ან სხვა
სხვა ნივთიერებების გავლენის ქვეშაც, რაც თანხმობის ნამდვილობას,
ნებაყოფლობითობას და თავისუფლებას თავისთავად საეჭვოს ხდის. ასეთი თანხმობაც
ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, რადგან მოწყვლად მდგომარეობაშია გაცემული. ყველა
ზემოთ ხსენებულ სიტუაციაში, თანხმობა, ერთი შეხედვით, ნებაყოფლობით არის
გაცემული, თუმცა მთელ რიგ სიტუაციებში ის არც ნამდვილია, არც თავისუფალი, არც
ლეგალისტური, არც ლეგიტიმური, ან ერთია და მეორე არა. თანხმობა ლეგიტიმურია
მხოლოდ მაშინ, როცა ის ინფორმირებული, ნამდვილი, ნებაყოფლობითი,
გაცნობიერებული და თავისუფალია, სექსი თანხმობის გარეშე კი გაუპატიურებაა.
პატრიარქალურ კულტურაში, ზოგადად, სექსუალურ ძალადობას ხშირად
წარმოაჩენენ, როგორც ისეთ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ან
ძალადობის მუქარით, მისი ჩამდენი კი, აპრიორი, უცხოა მსხვერპლისთვის, შუაღამით
ჩნდება, აედევნება და ასე შემდეგ, რასაც მეინსტრიმულმა კულტურამაც
მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ფილმებში ხშირად ვხვდებით ამგვარ სცენებს. ასეთ
სიტუაციებში მოძალადე ძირითადად დახატულია, როგორც სოციალურად
მარგინალიზებული, გაბოროტებული, შეუხედავი ტიპაჟი, რომლისგანაც პოზიტიურ
ქცევას არავინ მოელის. მას ასევე ხშირად მიეწერება ისეთი პიროვნული თვისებები, რაც
თითქოს, „საპატიოს“ უნდა ხდიდეს დანაშაულს: შეშლილობა, თვითკონტროლის
დაკარგვა, გონების დაბინდვა და ასე შემდეგ. ამან კიდევ უფრო გააძლიერა მოძალადის
შესახებ სტერეოტიპული წარმოდგენა და სექსუალური ძალადობა წარმოადგინა,
როგორც მეტად იშვიათი მოვლენა, გამონაკლისი შემთხვევა. სინამდვილეში,
სექსუალური ძალადობა ძირითადად ჩადენილია კარგად ნაცნობი, ნდობით აღჭურვილი
პირების, პარტნიორების და მეუღლეების მიერაც კი და, რაღა თქმა უნდა, არა
ყოველთვის ფიზიკური ძალის გამოყენებით. მოძალადე შეიძლება იყოს ნებისმიერი
ასაკის, პროფესიის, სოციალური კლასის ან რელიგიის წარმომადგენელი.
სქესობრივ დანაშაულებზე მსჯელობისას, არსებითად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს,
რომ მასზე უდიდეს გავლენას ახდენს მასკულინური დომინაცია და ის აისახება არა
მხოლოდ საზოგადოების დამოკიდებულებებზე საკითხთან მიმართებით, არამედ
გამოძიებასა და სასამართლო პრაქტიკაზე, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მან
სამართლებრივ აქტებსა და პოლიტიკის დოკუმენტებზეც კი იქონიოს გავლენა.
ამდენად, სექსუალური ძალადობის მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში განხილვა
არასწორი იქნებოდა, ვინაიდან ეს არის უმეტესად ქალების და გოგონების წინააღმდეგ
ჩადენილი დანაშაული, რომელიც ხშირად ეფუძნება გაუპატიურების კულტურას, რასაც
პატრიარქალური და მასკულინური დომინაცია განაპირობებს.
გასართობი სივრცეები და თანხმობა: რისკები და მართვა
მარი კურტანიძე: სამართალმცოდნე, გენდერის მკვლევარი
არასასურველი სექსუალური შინაარსის ქცევა, კომპლექსური, ფლუიდური და
კონტექსტზე-დაფუძნებული (situated) გამოცდილებაა, რომელიც არ არის მარტივი
განსამარტი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ ტერმინოლოგიაზე და იმაზე,
თუ რა მნიშვნელობა აქვს გავცდეთ ტერმინს „სექსუალური ძალადობა და შევიწროება“
და გამოვიყენოთ უფრო ფართო ტერმინი, რომელიც ისეთ გამოცდილებებსაც მოიცავს,
რომელიც გამოტოვებული, უხილავი და შეუმჩნეველი რჩება.
საზღვრების მოხაზვა იმისთვის, თუ რას ნიშნავს სექსუალური ძალადობა, თავისთავად
მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია. მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულად შევაფასოთ
სექსუალური ძალადობის გავრცელებული გაგება და უფრო მეტი ყურადღება
დავუთმოთ იმ გამოცდილებებს, რომლებიც ფართოდ გავრცელებული სექსუალური
ძალადობის გაგების მიღმა რჩება. გვსურს ვისაუბროთ, „უმნიშვნელოდ“, „ნაკლებ
ზიანის მომტანად“ მონიშნულ, ხშირ/ყოველდღიური სექსუალური ძალადობის
გამოცდილებებზე, რომლებიც დომინანტი ნარატივის, დისკურსის მიღმაა დარჩენილი.
ლიზ კელის (1988) მიერ განვითარებულმა სექსუალური ძალადობის კონტინუუმის
მოდელმა, რადიკალური გარდატეხა მოახდინა სექსუალური ძალადობის თეორიულ
განმარტებაში. მისი დეფინიციის მიხედვით, „სექსუალურ ძალადობად უნდა
ჩაითვალოს ნებისმიერი სახის ფიზიკური, ვიზუალური, ვერბალური თუ სხვა სახის
სექსუალური ქცევა, რომელიც განიცდება ქალის მიერ იმწუთიერად თუ მოგვიანებით,
როგორც საფრთხე, ინვაზია, ძალადობა და აქვს მისი დამცირების თუ დაზიანების
ეფექტი და აცლის მას ინტიმურ კონტაქტზე კონტროლის საშუალებას.“ იგი, ასევე,
ეწინააღმდეგება სექსუალური ზიანის იერარქიულ კონცეპტუალიზებას, აღიარებს რა,
რომ სხვადასხვა ძალადობის ფორმების კატეგორიზება ვერ მოხერხდება მკაცრად
განსაზღვრული ანალიტიკური კატეგორიებით.
სექსუალური ძალადობის დომინანტურ დისკურსულ რეპრეზენტაციას აკადემიაში,
იურისპრუდენციაში თუ სხვა სფეროებში აქვთ ძალიან ძლიერი გავლენა იმაზე, თუ
ვისი გამოცდილებები კვალიფიცირდება ძალადობად და ვისი გამოცდილებები არის
გარიყული და უგულებელყოფილი. ეს დისკურსები სექსუალურ ძალადობაზე
აქტიურად ახდენენ სექსუალური ძალადობის და მასთან დაკავშირებული რეალობის
წარმოებას. ყველა ქმედება არ იქნება ერთნაირად არასასურველი, საზიანო და
საფრთხის შემცველი. სუბიექტურობა და ფლუიდურობა, აუცილებელიცაა იერარქიების
მოსაშლელად, რადგან სხეულებრივი შეხება, ძალადობის ფიზიკური ფორმა, არ იყოს
უფრო სერიოზულად აღქმული, ვიდრე ვერბალური კომენტარი ან სხვა აუღიარებელი
ძალადობის ფორმები ყველა კონტექსტში.
ამასთან, არსებული კვლევები აჩვენებს, რომ ძალადობის ლეგალისტური გაგება,
რომელიც დამდგარ ზიანზე დაფუძნებული გაგებაა, გავლენას ახდენს ქალების
აღქმაზე. ხშირია, როცა ქალები საუბრისას მნიშვნელობას უკარგავენ და აუფასურებენ
ძალადობრივ გამოცდილებებს (downplay experiences). კვლევების მიხედვით, ქალები
მნიშვნელობას უკარგავდნენ, აპატარავებდნენ ძალადობის გამოცდილებებს, მათზე
ფიზიკური ზიანის არარსებობის შემთხვევაში და ზოგადად განცდილი ფიზიკური
ზიანის ან ფიზიკური საფრთხის მიხედვით ზომავენ ძალადობრივ გამოცდილებას.
აღსანიშნია, რომ ქალები აუბრალოებენ განსაკუთრებით იმ გამოცდილებებს, რომელიც
ხშირად ხდება მათ თავს. ეს აჩვენებს, რომ არასასურველი სექსუალური ყურადღება
იმდენად ნორმალიზებულია სხვადასხვა სივრცეში, რომ ქალებისთვის აღიქმება,
როგორც ქალად ყოფნასთან დაკავშირებული გარდაუვალობა.
არიდების სტრატეგიები:
ქალებს და ქალური გამოცდილების ადამიანებს, არასასურველ სექსუალურ
ყურადღების არიდების მრავალმხრივი სტრატეგია აქვთ შემუშავებული. მათ
გამუდმებით უწევთ მზერის, მიმიკის, მოძრაობების კონტროლი და ყველა შესაძლო
არიდების სტრატეგიის გამოყენება, რაც ძალიან რთული და დამღლელია.
რეაგირება
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა შესაბამის ორგანოს
ან სხვა გარეშე პირს დასახმარებლად არ მიმართავს. ხოლო, იმას თუ რატომ არ
მიმართავენ ქალები სხვებს დასახმარებლად, ბევრი სოციალური და კულტურული
მიზეზი აქვს, რომელთა შორისაა: დასწავლილი ზრდილობიანობა, ძალადობის
მინიმიზება და ნორმალიზება, სახელდების პრობლემა, საკუთარი თავის უნდობლობა,
საკუთარი თავის დადანაშაულება, გართობის ჩაშხამების შიში, მოძალადის შეცოდება,
სხვების არშეწუხება, რადგან დახმარების თხოვნა სირცხვილად ითვლება, სირცხვილი,
შიში და მტკიცებულების მოპოვების პრობლემა, მოძალადის მხრიდან შურისძიების
შიში.
გავლენა
არასასურველი სექსუალიზებული გამოცდილებები სხვადასხვანაირ კვალს ტოვებს
ქალად მონიშნულ სხეულებზე და მათ აღქმებზე. თუმცა, რამდენიმე მთავარი ხაზი
გამოიკვეთა. ქალები ხაზს უსვამენ, რომ განვლილი გამოცდილებები და შევიწროების
შემთხვევების მოლოდინი, მათ თავისუფლებას უზღუდავთ და გავლენას ახდენს მათ
არჩევანზე. ისინი ვერ იცვამენ ისე როგორც უნდათ, ვერ ცეკვავენ ისე როგორც უნდათ,
ვერ ცეკვავენ იქ სადაც უნდათ, ვერ თვრებიან ისე, როგორც უნდათ და ეშინიათ მარტო
დარჩენის.
სტამბოლის კონვენცია და საქართველოს კანონმდებლობა
რუსა სახეჩიძე: სამართალმცოდნე
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გვინდა ნათელი მოვფინოთ ასე ხშირად ნახსენებ
დოკუმენტს, რომელსაც „ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა
და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ჰქვია, ფართოდ ცნობილი
სტამბოლის კონვენციის სახელით.
სტამბოლის კონვენციას ხელი მოეწერა 2011 წლის 11 მაისს სტამბოლში, საქართველომ
მისი რატიფიცირება 2017 წლის 1 სექტემბერს მოახდინა. რატიფიცირების შემდეგ,
ქვეყანაში ხელშეკრულების ამოქმედება ხდება სავალდებულო და იურიდიული ძალის
მქონე, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში არსებული კანონმდებლობა უნდა იყოს
კონვენციაში მოცემული ჩანაწერების შესაბამისი.
რადგან კონვენციის მთავარი მიზნებია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია,
მსხვერპლის დაცვა და ამ დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა, ამდენად, მასში მოცემულია თუ
რომელი ქმედებებია დასჯადი და როგორ განიმარტებიან ისინი.
საქართველოში იურისტები და უფლებადამცველები ინტენსიურად ვამტკიცებთ, რომ
საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში არ მოდის სტამბოლის კონვენციასთან,
შესაცვლელია გაუპატიურების დეფინიცია. რას ნიშნავს ეს, რომელ არგუმენტებს
ემყარება ეს პოზიცია?
საქართველოში დანაშაულებრივ ქმედებებს და შესაბამის სასჯელებს განსაზღვრავს
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი,“ რომელშიც 137-ე
მუხლი გვაძლევს სექსუალური დანაშაულის – გაუპატიურების შემდეგ დეფინიციას:
„გაუპატიურება, ესე იგი, პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის
შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი
ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.
კანონის ამ ჩანაწერის თანახმად, სასამართლო პრაქტიკა დანაშაულის არსებობის
დასამტკიცებლად, ითვალისწინებს მხოლოდ მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური
ძალადობის შედეგად მიყენებულ დაზიანებას; რაც სულ რომ არ გვქონდეს სტამბოლის
კონვენცია რატიფიცირებული, უკვე ძალადობის ფორმებისა და სახეების ვიწრო გაგებაა
და თავისთავად – უსამართლოა.
ახლა, როცა კონვენცია რატიფიცირებულია, გავიგოთ თუ როგორ განმარტავს
სტამბოლის კონვენცია გაუპატიურების დეფინიციას. კონვენციის 36-ე მუხლის
თანახმად, გაუპატიურებად ითვლება: „სხვა ადამიანის სხეულში, მისი თანხმობის
გარეშე, სექსუალური ხასიათის ვაგინალური, ანალური ან ორალური შეღწევის
განხორციელება სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან საგნის გამოყენებით.“
ცხადია, ამ განმარტებაში არ არის აქცენტი ფიზიკურ ძალადობაზე, არამედ ნებისმიერი
ტიპის შეღწევაზე სხვა ადამიანის სხეულში, რომელიც განხორციელდა ამ ადამიანის
თანხმობის გარეშე.
შესაბამისად, ეს დანაშაულებრივი ქმედება შეიძლება პრაქტიკაში იყოს მრავალი სახის
და არ არის სწორი მისი მხოლოდ ფიზიკური ძალადობის შედეგად გაჩენილი სხეულის
დაზიანებებით მტკიცება.
მარტივად, ზემოგანხილული განსხვავების თანახმად, არის თანხმობის კომპონენტის
გათვალისწინება საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსი“-სეულ გაუპატიურების განმარტებაში შესაცვლელი.
გაითვალისწინეთ, რომ თანხმობის მიცემა ნებისმიერ სექსუალურ კავშირზე, უნდა
მოხდეს ნებაყოფლობით, პიროვნების ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგად. ასეთი
თანხმობის არ არსებობის შემდეგ მომხდარი ნებისმიერი სახის სექსუალური კავშირი
არის დანაშაულებრივი ქმედება.
თუ საქართველო შეასრულებს მის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად
აღებულ ვალდებულებას, მაშინ ბევრად მეტი ქმედება დაკვალიფიცირდება
გაუპატიურებად და შესაბამისად, გაიზრდება ამ დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ
პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა, რაც ხელს შეუწყობს
გაუმჯობესდეს მსხვერპლის დაცვის მექანიზმი, მოხდეს ძალადობის პრევენცია
სახელმწიფოში.