26 მაისი საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს გამოცხადდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და შეიქმნა საქართველოს პირველი რესპუბლიკა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
დამოუკიდებლობის აქტში ნათქვამი იყო: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის”.
რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა პარლამენტი (ეროვნული საბჭო), ხოლო აღმასრულებელ ორგანოს – მინისტრთა საბჭო. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა თავისი დროშა, გერბი და ჰიმნი.
საქართველოს დამოუკიდებლობა დაახლოებით სამ წელიწადს გაგრძელდა, 1921 წლის 25 თებერვლამდე.