საქართველო და ევროპა
ანანო ჩიტაშვილი
09.09.2023

“მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი” – ამ ფრაზით დაასრულა გამოსვლა ევროპის
საბჭოს ასამბლეაში ზურაბ ჟვანიამ და გააჟღერა თითოეული ქართველის სათქმელი,
სათქმელი, რომლისათვის ქართველი ერი საუკუნეებია იბრძვის და აკეთებს ყველაფერს მისი
რეალობად ქცევისთვის, რადგან საქართველო იყო და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი.

რა არის ევროკავშირი? ევროკავშირი არის ოცდაშვიდი დემოკრატიული ქვეყნის ერთობა,
რომელთაც აერთიანებს ერთი იდეა და ეს იდეა მოიაზრებს შემდეგ პუნქტებს: დემოკრატია,
ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და საბაზრო ეკონომიკა რაც თავისუფალ
ვაჭრობას და ღია საზღვრებს გულისხმობს. ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღება უკეთესი
მომავალი, მშვიდობა და კეთილდღეობა.

ევროკავშირის წინამორბედი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და მას შემდეგ, მისი წევრი
ქვეყნები ერთმანეთს ეკონომიკურად ეხმარებოდნენ. ამ გაერთიანებას ნელ-ნელა
უერთდებოდა სხვადასხვა ქვეყანა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ევროპული კავშირი.
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი არის ცივილიზაციის ეპიცენტრი, სადაც
არავინ, არაფერს გვაძალებს, გვართმევს ან მოითხოვს ჩვენგან. ერთადერთი, რაც
მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ევროპული სახელმწიფოებისთვის,
ისაა, რომ, პატივი სცენ ევროპულ ღირებულებებს და დააკმაყოფილონ კოპენჰაგენის
კრიტერიუმები.

საქართველოც ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოა, რომლის მთავარი სურვილიც
ევროკავშირში გაწევრიანება და უკეთესი მომავალია. ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს
საქართველოს ისტორიას და კულტურას, დავინახავთ, რომ ქართული და ევროპული
ღირებულებები თანხვედრაშია. ის, რაც გახდა ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი
ნაწილი, უკვე იყო ქართულ კულტურაში. ამის კარგი მაგალითია „ვეფხისტყაოსანი”, სადაც
კარგად იგრძნობა ქართული კულტურა, ადამიანებს შორის თბილი და მეგობრული
დამოკიდებულება, სამართლიანობა და თანასწორობის იდეა. ჯერ კიდევ მეთორმეტე
საუკუნეში წერდა შოთა რუსთაველი “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია”.

ვფიქრობ, რომ რელიგია კიდევ ერთი არგუმენტია იმისა , რომ საქართველო ევროპის ნაწილია.
ქართველი ერი საუკუნეებია ატარებს ქრისტიანობას და საჭიროების შემთხვევაში, სისხლის
ფასადაც კი იცავდნენ მას მტრისგან. იმ მტრისაგან, რომელმაც საქართველო მოწყვიტა
ევროპას. გასულ საუკუნეში, საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ხელი შეუშალა საბჭოთა
კავშირმა, რომელიც ადამიანებს უკრძალავდა ევროპასთან კონტაქტს. აქედან გამომდინარე,
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ევროკავშირში მიღება ფაქტობრივად
შინ დაბრუნებაა.

ევროპასთან აქტიურ კომუნიკაციას ერთ-ერთი პირველი სულხან-საბა ორბელიანი იწყებს,
მეჩვიდმეტე საუკუნეში. იგი კარგად ხვდებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ევროპასთან
კავშირი საქართველოსთვის. მის მცდელობას მაშინ შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა მას შემდეგ
ბევრჯერ გვიგრძვნია ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა. მაგალითად, მას შემდეგ რაც
საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ევროკავშირის სახელმწიოები იყვნენ პირველი,
ვინც დახმარების ხელი გამოგვიწოდა. პირველი ხელშეკრულება ჩვენსა და ევროკავშირს
შორის 1996 წელს დაიდო და 1999 წელს შევიდა ძალაში. 2017 წელი კი ძალიან მნიშვნელოვანი
აღმოჩნდა საქართველოსთვის, რადგან დაწესდა უვიზო მიმოსვლა ევროპაკავშირის ქვეყნებსა
და საქართველოს შორის. მას შემდეგ, უამრავმა ადამიანმა იმოგზაურა ევროპულ ქვეყნებში,
ისარგებლა Erasmus + გაცვლითი პროგრამით, ისწავლა ევროპის ქვეყნებში, გაეცნო ევროპის
ქვეყნების კულტურას და ასე შემდეგ. ევროკავშირი ასევე გვეხმარება სოფლის მეურნეობის
განვითარებასა და მეწარმეობაშიც. ცდილობენ ქართული ტრადიციების შენარჩუნებასთან
ერთად განავითარონ ჩვენი მეურნეობაც. ევროკავშირს უზარმაზარი ფინანსური და
ჰუმანიტარული დახმარება აქვს გაწეული საქართველოსთვის, რაც ძალიან დასაფასებელია.

საქართველო ყოველწლიურად ახალ ნაბიჯებს დგამს და უფრო და უფრო უახლოვდება
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს
განვითარებისათვის და უკეთესი მომავლისათვის. იმისათვის, რომ საქართველო გახდეს
ევროკავშირის ნაწილი, აუცილებელია მოქალაქეების ჩართულობა, აქტიურობა, ერთმანეთის
უფლებების დაცვა და, რაც ყველაზე მთავარია, დემოკრატიულობის შენარჩუნება. საბოლოოდ,
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა არის უმნიშვნელოვანესი საშუალება უკეთესი მომავლის
მისაღწევად და საქართველო უახლოეს მომავალში აუცილებლად გახდება ევროკავშირის
წევრი ქვეყანა. ევროპული კავშირის წევრობით, ჩვენი ქვეყანა სხვა ევროპული ქვეყნების
მსგავსად, დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეზე იქნება და ვფიქრობ,
რომ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში მიღწეული იქნება.