მენსტრუალური სიღარიბე მსოფლიო პრობლემაა. იგი განსაკუთრებულად მწვავედ ვლინდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
ეს ტერმინი იმ ქალთა/გოგოთა მდგომარეობას აღწერს, რომლებსაც ჰიგიენურ საშუალებებსა და მათ გამოსაყენებლად აუცილებელ უსაფრთხო სივრცეებზე წვდომა არ აქვთ. ეს ქოლგა ტერმინი აერთიანებს როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ ბარიერებს.
მენსტრუალური სიღარიბე განსაკუთრებით აქტუალურია რამდენიმე სოციალური ჯგუფისთვის: მცირე შემოსავლის მქონე ადამიანები მენსტრუალურ პროდუქტებსა და ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომის კუთხით უამრავ ბარიერს აწყდებიან; ეკონომიკური პრობლემების გამო, ზოგიერთ გოგოსა და ქალს ხელი არ მიუწვდება ჰიგიენურ საშუალებებზე. ეს კი ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ფიზიკურ/ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე, ზოგჯერ კი სოციალურ იზოლაციასაც იწვევს. სწორედ ამიტომ, სასურველია მენსტრუალური პროდუქტების დაბალ ფასად ან უფასოდ უზრუნველყოფა.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, “კომლის თემი” სადისტრიბუციო კომპანია “შარმ ტრეიდინგთან” ერთად გეგმავს მცირე კამპანიას, რომლის მთავარი მიზანია გოგოებისა და ქალების მხარდაჭერა მენსტრუალური სიღარიბის დასაძლევად. კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ ქალსა და გოგოს უკვე შეუძლია, მიიღოს ჰიგიენური საფენები სრულიად უსასყიდლოდ.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველო