წარმატებით დასრულდა კამპანია „ევროპა – უკეთესი მდგრადი განვითარებისთვის“!
კასპელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა ევროკავშირის შესახებ ცნობიერების გავრცელებისა და ამაღლების მიზნით, დააორგანიზა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა.
საინტერესოდ ჩაირა მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექციებმა შემდეგ თემებზე: „ევროკავშირი: მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების გაერთიანება“, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ევროპა“. ასევე, გაიმართა ფილმების ჩვენება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეფორმების შესახებ, სადაც მონაწილეებმა ნათლად გააცნობიერეს საქართველოს პირველი კონსტიტუციისა და რეფორმების მჭიდრო კავშირი და მსგავსება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან.
ამასთან, კამპანიის გუნდმა მოაწყო ონლაინ შეხვედრა და მოიწვია ქართველი სტუდენტები შვეიცარიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. შეხვედრაზე, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, განვიხილეთ საერთაშორისო განათლების უპირატესობები და გაცვლითი პროგრამების როლი ახალგაზრდის პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ საინიციატივო ჯგუფმა ევროკავშირის თემაზე შექმნა და გაავრცელა 50-მდე საინფორმაციო ფლაერი. მეტიც, მათ გამოაცხადეს პოსტერების კონკურსი, რითაც გააღრმავეს საკითხისადმი ინტერესი, გაააქტიურეს თანატოლები და გაზარდეს ჩართულობა.
ეს კი ფოტოებია გუშინდელი ღონისძიებიდან, რომელიც წარმატებული კამპანიის მიმოხილვას და მონაწილეთა დაჯილდოებას მიეძღვნა.
სიმბოლურია, რომ საქართველოს ევროპული იდენტობის, თავისუფლებისა და გამთლიანების საკითხებზე სწორედ ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზიის სივრცეში არსებულ ოკუპაციის მუზეუმში ვიმსჯელეთ, რომელიც თავის თავში აერთიანებს ქართველი ერის გაუტეხლობის, ეროვნული სულისკვეთებისა და თავისუფლების წყურვილს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციასთან ერთობით მიიღწევა.
კამპანია „ევროპა – უკეთესი მდგრადი განვითარებისთვის“ განხორციელდა ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზია -სთან მჭიდრო თანამშრომლობითა და European Endowment For Democracy -ის ფინანსური მხარდაჭერით.