კომლი, კასპის ტექნოპარკთან თანამშრომლობით 24-25 ივლისს გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად სათემო იდეათონში.

კომლობა, არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდება:

– თემის მობილიზება და არსებული საჭიროებების ანალიზი
– კრეატიულ ფორმატში საჭიროებების საპასუხო ინტერვენციებზე მუშაობა
– საკვანძო ორგანიზაციებთან შეხვედრა ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.

რა არის იდეათონი:

იდეათონი, ეს არის მოკლე ინტენსიური ვორკშოპის სტილის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე და ეცდებიან იპოვონ ამ პრობლემების გადაწყვეტის გზა. მონაწილეები მუშაობენ გუნდებში, და იყენებენ აზროვნების დიზაინის მეთოდოლოგიას, რათა თანამშრომლობითი გზით მოახდინონ იდეების ფორმირება.

იდეათონი 2 დღეს გაგრძელდება და მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას იმუშაონ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ მუნიციპალიტეტის დონეზე. სამუშაო მიმართულებები არ არის შეზღუდული, თუმცა შეიძლება ეხებოდეს ისეთ საკითხებს როგორიცაა:
– დასაქმება
– თემის განვითარება და სამოქალაქო აქტივიზმი
– სამეწარმეო საქმიანობის და სტარტაპების განვითარება
– ეკოლოგია
– ახალგაზრდული პოლიტიკა და აქტივობები
– ციფრული ადაპტაცია

მონაწილეებს კასპის მუნიციპალიტეტიდან შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ერთ გუნდად, ან ინდივიდუალურად. ასევე შეგიძლიათ მონიშნოთ თემა, რომელზეც გსურთ მუშაობა, თუმცა პროცესში შეგიძლიათ შეცვალოთ მიმართულება.

იდეათონის ფარგლებში მონაწილე გუნდები იდეებს წარუდგენენ იმ საკვანძო პარტნიორებს, რომელთა თანამონაწილეობითაც შეეძლებათ ეს იდეები აქციონ რეალობად, კომლის გუნდი კი მათ სწორ ფორმირებაში და დამატებითი რესურსების მოძიებაში დაგეხმარებათ.

მონაწილეების ასაკი: 15-30 წელი
გუნდში წევრების რაოდენობა: მინიმუმ 2 ადამიანი, მაქსიმუმ 5 ადამიანი
რეგისტრაცია შეუძლიათ ახალგაზრდებს კასპის მუნიციპალიტეტიდან.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 ივლისი

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/7pK6J2f5facyMSxN9

რა არის კომლი:

კომლი არის სათემო სახლის კონცეფცია, რომლის პირველი ექსპერიმენტული ვერსია იქმნება ქალაქ კასპში და ეფუძნება თანაშექმნის იდეას.
კომლი ცდილობს ინდივიდზე ორიენტირებული ზრუნვის ფოკუსი საზოგადოებრივი ზრუნვისკენ მიმართოს და ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა – გარემოზე და ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვად აქციოს.
თანაშექმნის სივრცე არის მუდმივად შექმნის პროცესში მყოფი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ცდილობს ცოდნა გაანთავისუფლოს აკადემიური ჩარჩოებიდან და ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი სამეზობლოებისთვის, სადაც ამის შესაძლებლობა ნაკლებად არსებობს. თანაშექმნის სივრცეში სტუმრები იზიარებენ „თემთან ერთად“ პრინციპს, რაც გულისხმობს მათი საქმიანობისა და აღმოჩენების შესახებ ცოდნის ადგილობრივი თემის წევრებისთვის გაზიარებას და გაცნობას.
კომლობა არის კომლის აქტივობების ერთ-ერთი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ერთმანეთს, გაიცნონ თანამოაზრეები და ერთად იმსჯელონ თემში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე.