კრეატიული განვითარების ცენტრმა Friedrich-Ebert-Stiftung, Georgia ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით სათემო მენტორინგის პირველი ეტაპი 1-4 ივლისს ქალაქ ლაგოდეხში სასტუმრო Wald Holtel-ში განახორციელა.
პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა ტრენინგებს სათემო მენტორინგის მიმართულებით, სადაც მონაწილეობა კახეთსა და შიდა ქართლში მოქმედი სათემო ორგანიზაციების 20-მდე წარმომადგენელმა მიიღო.
პროექტი მიზნად ისახავს სათემო მენტორინგის ინსტიტუციონალურ დონეზე განვითარებას, რომელიც ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს საკუთარ თემთან ეფექტური კავშირების დამყარებასა და მათ გაძლიერებაში დაეხმარება.
ტრენინგების ფარგლებში სათემო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ სათემო მუშაობის ინოვაციური მიდგომები და ხერხები. ტრენინგები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: თემი, სათემო მობილიზაცია და სათემო შეხვედრების ფასილიტაცია, თემის იდენტობა და რესურსების ანალიზი, მენტორინგი და მისი სახეები, მენტორის პროფილი და საბაზისო კომპეტენციები, მენტორინგი როგორც თემთან მუშაობის ინსტრუმენტი, სათემო მენტორინგის სამუშაო ჩარჩო და სხვა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი მოიცავს სამ ეტაპს და სათემო მენტორთა გადამზადება პროექტის საწყისი ფაზაა.
პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული მენტორები დაიწყებენ მენტორინგის პროცესის პრაქტიკულ დანერგვას ინსტიტუციურ დონეზე, რომელიც ადგილობრივ თემთან მუშაობას ითვალისწინებს და ივლისი – ოქტომბრის პერიოდში განხორციელდება.
დასკვნით ეტაპზე იგეგმება მენტორების შემაჯამებელი შეხვედრა და მენტორინგის პროცესის შეფასება, რომელიც ნოემბრის პერიოდში განხორციელდება.