2022 წლის 21 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის – “საზოგადოება ბილიკის’’ ორგანიზებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „რეგიონული ფორუმი ახალგაზრდული და მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებისთვის“ გაიმართა.
სადაც, ორგანიზაცია “კომლი” იყო მიწვეული.
ფორუმის მიზანი იყო შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლისა და საქმიანობის მხარდაჭერა. ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.
ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოეწყო გამოფენა, სადაც შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა შესთავაზეს.