10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. თითქოს ეს ყველაფერი მარტივი სათქმელია, თუმცაღა, ეს რეალობა თავისით არ დამდგარა.
ქართულმა საზოგადოებამ დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა „რუსული კანონი“ ისევ ინიციატივის დონემდე დაყვანილიყო, ინიციატივამდე, რომელიც ფიქრში გავლებადაც არ ღირს. კონტექსტისა და კანონის მავნებლური ეფექტის გააზრებაც კი საკმარისია იმის ნათლად დასანახად, თუ რატომ გაერთიანდა საქართველოს მრავალფეროვანი მოსახლეობა ერთი იდეის ქვეშ, განურჩევლად წლოვანებისა, სქესისა, ეროვნებისა, ეთნიკური წარმომავლობისა, პროფესიისა, გამოცდილებისა, განათლების დონისა, რელიგიური და რაც მთავარია, პოლიტიკური შეხედულებისა. ვინაიდან, ეს მომენტი არ ატარებდა პარტიულ ნიშნებს – ის მხოლოდ და მხოლოდ ორ სამყაროს შორის არჩევანს შეეხებოდა: სრული სვლით წინ – შინ ევროპისკენ ან უკუსვლა რუსეთის ორბიტაზე.
მოდი, მოკლედ მიმოვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პერიოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში:
თავიდან იყო კანონპროექტის ინიცირება. გასულ წელს შექმნილმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ ე.წ. აგენტების შესახებ ორი კანონი წარადგინა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულმა კომიტეტებმა განიხილეს კანონპროექტი, შემდეგ კი ვადაზე ადრე, დაჩქარებული წესით ჩატარდა პლენარული სხდომა და კანონი პირველივე მოსმენით დამტკიცდა. ამის შემდეგ, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.
კანონის არსი და მიზნები შეუთავსებელი აღმოჩნდა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებთან. შედეგად, კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ურყევი ნების – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის – დასაცავად, პარლამენტის წინ გაიმართა რამდენიმე მცირე და სამი ფართომასშტაბიანი პროტესტი.
კანონპროექტს მკაცრი საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. გაერომ, ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-ს წამყვანმა პოლიტიკოსებმა და ცივილიზებული სამყაროს სხვა მნიშვნელოვანმა აქტორებმა შეშფოთება გამოთქვეს და დაგმეს მოცემული კანონი, იმ არგუმენტით, რომ იგი ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მნიშვნელოვნად შეზღუდავდა. ამასთან, ვინაიდან კანონი დაუწესდებოდა ნებისმიერი ქვეყნიდან (მათ შორის აშშ და ევროკავშირის ქვეყნები) დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, იგი უარყოფითად აისახებოდა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთიერთობებზე.
საბოლოოდ, პროტესტმა და საერთაშორისო კრიტიკამ შედეგი გამოიღო: „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ კანონის გაწვევა დააანონსა. ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ქართული საზოგადოებისთვის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, პარლამენტის წინ მესამე საღამოსაც გაიმართა კიდევ ერთი მასშტაბური პროტესტი.
10 მარტს კანონპროექტის მეორე მოსმენისას კენჭისყრის შედეგად, კანონი საბოლოოდ ჩავარდა. ვენეციის კომისიიდან ორივე კანონპროექტი გამოიწვიეს და აქციებზე დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.