
კომლმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით კასპში განახორციელა პროექტი „ფორუმ თეატრი – თამაში ცვლილებებისთვის“.

აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება და ხელშეწყობა.

„ფორუმ თეატრი – თამაში ცვლილებებისთვის“ შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან. თავდაპირველად, შერჩეულმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფში „ახალგაზრდული პოლიტიკა, უკეთესი მუნიციპალიტეტისთვის“, შემდგომ კი ტრენინგში – „როგორ დავდგათ ფორუმ თეატრი?“.

პროექტის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა მოამზადეს კონკრეტულ პრობლემაზე ორიენტირებული დადგმა და წარუდგინეს სამიზნე აუდიტორიას. მაყურებლებს საშუალება მიეცათ ინტერვენციის გზით ჩაენაცვლებინათ დადგმის ერთ-ერთი პერსონაჟი და მოეგვარებინათ პრობლემა.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომლითაც საზოგადოება გადავიყვანეთ მონოლოგის რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმში. ერთად განვიხილეთ მოცემული პრობლემის არსი, გამომწვევი მიზეზები და შედეგები.