პირველი მეტამორფოზა: ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?

 

ვირჯინიასგან განსხვავებით, ყოველთვის მქონდა “საკუთარი ოთახი”. მქონდა საიდუმლო სანათი, ღამე საბანწაფარებულს ჩუმად რომ მეკითხა. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, როდესაც დედა ილუსტრირებულ, ზღაპრების წიგნებს ყიდულობდა ჩემთვის. წიგნებს იმდენჯერ ვაკითხებდი ხმამაღლა, სანამ თითოეულ ხაზზე სიტყვების რაოდენობას არ დავიზეპირებდი. მერე მარტო ვიჯექი და სმენით დამახსოვრებულ ისტორიებს ხმამაღლა ვუყვებოდი წარმოსახვით ბავშვს – ეს იყო კითხვის იმიტაცია, ზუსტად ვიცოდი, როდის უნდა გადამეშალა ახალი ფურცელი. მაშინ არ ვიცოდი, რომ განათლება ერთ დროს მხოლოდ კაცთა პრივილეგიას წარმოადგენდა. არც ის უთქვამს ვინმეს, ქალისთვის თანდაყოლილი მოვალეობები რა იყო. ყოველი დაბადების დღე ასოცირდებოდა უამრავ ახალ წიგნთან- წინასწარ ვიცოდი, ვის რომელი წიგნი უნდა ეყიდა – სიას თავად ვადგენდი. რაც უფრო მემატებოდა დამოუკიდებლად მსჯელობის უნარი, მით უფრო ხშირად  ვესაუბრებოდი მე ” თავის თავს “. ადამ მიცკევიჩის მსგავსად,  “წამოვიჭრებოდი და გავრბოდი ვითარცა შლეგი”, ამის მიზეზი კი ერთი მეტად უსიმოვნო გენდერული სტერეოტიპი იყო: ჩემს ირგვლივ მყოფნი ჩემი კითვის სიყვარულს ხსნიდნენ იმ ბიოლგიური ფატქორით,  რომ მე ვიყავი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, მაშასადამე წყანრი, პასიური არსება, რომელსაც სოციალურ გართობას წიგნში ცხვრიწაყოფილი ჯდომა ურჩევნია. ბევრმა როდი იცოდა, რომ გოგოლივით ფეხზე მდგომს მიყვარს კითხვა. ამავე დროს, გამუდმებით მესმოდა, რომ წიგნის კითხვა ანვითარებს წარმოსახვას,  ის ერთგვარი საკვებია აზროვნებისთვის.  ჰეგელი თვლიდა, რომ განათლება ნახტომია ობიექტური გონის მისაღწევად, მეც სწორედ ამ ნახტომისთვის ვემზადებოდი. მაბრაზებდა ის ფაქტი, რომ ყველა ქმედებას პასიურ ან აქტიურ პოლუსებზე მოისროდნენ, სადაც პასიური- მდედრობითის სინონიმი იყო, აქტიური კი მამრობითის. გამუდმებით მესმოდა, რომ ბიჭები გაცილებით ჭკვიანები არიან, უფრო მეტ რამეს ასწრებენ, სიცოცხლით სავსენი არიან, არც წიგნებს კითხულობენ, არც ნასწავლის გადამეორება სჭირდებათ, რადგან „კაცის ტვინი“ უფრო მალე ითვისებს. პასიურობა. როგორ შეიძლება კითხვა პასიური პროცესი იყოს? როდესაც ვკითხულობ, პერსონაჟს გონებაში ვხატავ, ვკითხულობ საკუთარ ოთხში განმარტოებული, ხმამაღლა. პერსონაჟებს ხორცს ვასხამ, ერთკაციან სპექტაკლებს ვდგამ, მე ვხვდები ყველა და ყველა ხდება მე. ეს პიესაა, სადაც ერთადერთი მსახიობიც და მაყურებელიც მე ვარ. რა შეიძლება იყო ამაზე უფრო აქტიური? 

სკოლაში, რატომღაც, მეხსიერებაც სქესობრივად განიხილებოდა-ჩემი ისტორიის მასწავლების მტკიცებით, კაცის გონებას უკეთ შეეძლო წლების დამახსოვრება, რომ ისტორია უფრო მასკულინური საგანი იყო, გოგონებს გაფანტული მეხსიერებით კი მეტი ძალისხმევა სჭირდებოდათ ნასწავლის დასამახსოვრებლად. წლები მქონდა შინაგანი პროტესტი მის მიმართ. არაერთი “18 ბრიუმერის გადატრიალება” მოვუწყვე გაკვეთილზე მსგავსი ფრაზების გამო, ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ  მეც ისევე უშეცდომოდ შემეძლო გავგამელას ბრძოლიდან მოყოლებული, ვარდების რევოლუციამდე არსებული მნიშვნელოვანი წლები ჩამომეწერა დაფაზე, როგორც  ჩემს მამრობითი სქესის  წარმომადგენლებს. თუმცა უშედეგოდ, ამ შემთხვევაშიც კი ჩემი შეფასების მაქსიმუმი ის იქნებოდა, თუ შემამკობდა ფრაზით “კაცური ტვინი აქვსო”… მათემატიკის გაკვეთილზე დამატებით სავარჯიშოებს ვაკეთებდით წიგნიდან, რომელსაც ერქვა “ვინც გამოიცნობს, ბიჭია”… 

მეორე მეტამორფოზა: რეგრესი

მეშვიდე კლასში ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა. მღვდილის შვილი იყო, სტიქაროსანი. სანდო წყაროსგან შევიტყვე, რომ მას, ვის დერეფანში დანახვისასაც მუხლები მეკვეთებოდა, არ მოსწონდა, როდესაც გოგოს ეცვა შარვალი, რადგან თვლიდა, რომ ქალი უნდა იყოს ნაზი და კდემამოსილი. კდემა-მოსილი… დღემდე ვცდილობ ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა დავადგინო. რელიგიური ადამიანები თვლიან, რომ კდემამოსილი ქალი შემოსილი უნდა იყოს კაბით, ოღონდ ისეთით, მუხლებს კარგად რომ ფარავდეს. თავზარი დამეცა! წარმოვიდგინე, რას იფიქრებდა “იგი”  ჩემზე, რომ გაეგო ჩემი ქმედებების შესახებ- მე ხომ ასე ხშირად მოვქცეულვარ “სქესისთვის შეუფერებლად”, კარგად ვსწავლობდი, თუმცა კრებებზე დედაჩემისთვის მშობლებს ხშირად უსაყვედურიათ ჩემი ქმედებებით აღშფოთებულებს, რადგან მე მათი ბიჭი ვატირე და ა.შ. დავიწყე ჩემში პატარა  ფემინი გამეღვიძებინა, რომელიც ჩემს პირად მეს შთანთქავდა. ამის გახსენება ძალიან მიჭირს, თუმცა აღიარება ყველაზე დიდ გამოსწორებად მიმაჩნია. დავიწყე კაბების აურაცხელი რაოდენობით ყიდვა, გადასხვაფერება. ვერ ვიაზრებდი, როგორ ვიფხეკდი  საკუთარ კანს, როგორც ვიცვლიდი გველის პერანგს, ასე დამახასიათებელი რომ იყო ჩემთვის და ვიმოსებოდი სხვისით. ეს ფრთებგაშლილი პეპლის ჭუპრში შებრუნებას ჰგავდა. ეს ეკატერინე გაბაშვილის “ფრთებმოკვეცილობა” იყო, საკუთრი ნებით. ეს ვირჯინია ვულფის “საკუთარი ოთახის” კედლების მონგრევა იყო. წილად მხვდა ის ფუფუნება, რომ კლასში ერთადერთ გოგოდ აღვიქმებოდი. ჩემს გარდა, კლასში კიდევ ორი: ჟუჟა და ელენე სწავლობდნენ. ჟუჟა მარად გაციებული იყო. ნებისმიერ დროს შეგეძლოთ დაგენახათ მისი ცხვირიდან ტუჩებისკენ მიმავალი მწვანე ჟელატინისებრი მასა. ელენეს კი გარეგნობის წყალობით- ბიჭები დიდად არ  სწყალობდნენ. ასე გამოვიდა: კლასში 16 ბიჭის 32 თვალი ჩემსკენ იყო მოპყრობილი. გოგოენები უცნაურად მთვლიდნენ. ამის გამო, მეტად უჩვეულო ურთიერთობა გამომიმუშავდა ბიჭებთან: მათთან ერთად ვთამაშობდი კალათბურთს, დაჭერობანას დიდ დასვენებაზე, გადავდიოდი ყირაზე, ვამბობდი ცუდ სიტყვებს. მოკლედ, ბიჭებთან სიმორცხვით არ გამოვირჩეოდი, მათ თვალში ტომბოი ვიყავი გოგო, რომელმაც გაბრაზებულზე  გიორგის  ფეხი “იქ ”  ამოარტყა, იოსებს მერხი ესროლა და სხვა. ძალიან რთული იყო ჩემთვის პიროვნული გარდაქმნა ნაზ არსებად, “მისთვის” სასურველად ნივთად.ფემინიზმის გაღვიძება უდიდესი ნაბიჯია ადამიანთა ცნობიერებაში: ეს არის ფრთებდაგლეჯილი თაობების ბრძოლა ფრენისთვის, საკუთარი თავის რეალიზებისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ სუსტი სქესის ძლიერმა წარმომადგენელმა დახმარების  ხელი აღმოუჩინოს სუსტი სქესის სუსტ წარმოადგენელს,ფემინიზმი არის ქალის მერო უილსტონკრაფტის მსგავსად,  სირბილი უნივერსიტეტის ბილიკზე, აკრძალულ ბილიკზე, სადაც მხოლოდ კაცები დაიშვებიან, ეს არის ინტელექტუალობის ზეიმი, სადაც ქალის წითელ  პომადაზე მეტად მისი სიტყვები კაშკაშებენ, ეს არის სიმბოლო გაბედულებისა, მართალია  “სეპარე აუდე” – კანტმა მხოლოდ მამაკაცთა მიმართ ისროლა, მაინც – ფემინიზმიც აზროვნების გაბედვაა, მოწოდებაა, იპოვო საკუთარი თავი და იბრძოდე არა მხოლოდ “მეს” არამედ ” ჩვენის” გადასარჩენად .

ნათია კურტანიძე – ჩემი თვალით დანახული ფემინიზმი.