დღეს, 21 ივლისს, ქალი მეწარმეების აქსელერაციის პროგრამის მონაწილეთა იდეათონი გაიმართა. პროექტი კომლის ორგანიზებითა და ისრაელის საელჩოს მაშავის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიება კასპის ტექნოპარკის სივრცეში შედგა.
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე გოგოებისა და ქალებისთვის ტრენინგები ონლაინ მიმდინარეობდა. შეხვედრები ორიენტირებული იყო ქალთა სამეწარმეო უნარების განვითარებაზე. პროექტის მონაწილეთა ასაკი 18 წლიდან ზევით მერყეობდა და ჯამში 24 მონაწილეს მოიცავდა.
იდეათონის გამარჯვებული გახდა 18 წლის მარიამ ბაისონაშვილი, რომელსაც გადაეცა გრანტი. მარიამი მიღებულ თანხას თავისი ინოვაციური ბიზნესის გასავითარებლად გამოიყენებს.
იდეათონის ფინალური ეტაპის 7 მონაწილეს კომლმა ორგანიზაციული მხარდაჭერა გამოუცხადა. მომდევნო თვეების განმავლობაში, გოგო და ქალ მეწარმეებს იდეების დახვეწა-განხორციელებაში კომლი დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას განსაკუთრებული სტუმარი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი, ესწრებოდა. მან თითოეული მონაწილის იდეა ყურადღებით მოისმინა და კონკურსანტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.